დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურში 2019 წლის 01 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით განსახილველად 215 დისციპლინური საჩივარი და 125 ფორმის დაუცველი წერილი დარეგისტრირდა.
საჩივრის ავტორთა შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება მოხდა სასამართლოში მიმდინარე საქმეში მათი სტატუსის შესაბამისად. არსებული სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, საჩივრის ავტორთა 68% – მხარეები და მესამე პირები, 27% – წარმომადგენლები, 3% დაინტერესებული პირები არიან.
მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო საქმეებზე საჩივრების რაოდენობა 3%-ით შემცირდა, საქმეთა კატეგორიების მიხედვით როგორც გასულ, ისე მიმდინარე წელს საჩივრების უმრავლესობა სამოქალაქო სამართლის საქმეებს შეეხება და მისი პროცენტული მაჩვენებლით 55%-ია. სისხლის სამართლის საქმეებზე მომართვიანობის მაჩვენებელი გაიზარდა 3%-ით და ის 19%-ს შეადგენს. მიმდინარე წელს 5%-ით შემცირდა, ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე მიღებული საჩივრების რაოდენობა.
საქმეთა განზოგადების შედეგად დადგინდა, რომ საჩივრების 66% პირველი ინსტანციის მოსამართლეებს შეეხება, რაც 4%-ით ნაკლებია გასული წლის მაჩვენებელთან. 4%-ით გაიზარდა საჩივრების რაოდენობა სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ და 26% მიაღწია. რაც შეეხება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მიმართ მიღებული საჩივრების რაოდენობა, კვლავ 8%-ს შეადგენს.
2019 წელს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განხილული 41 დასკვნიდან 10 საქმეზე არსებობდა დამოუკიდებელი ინსპექტორის დასკვნა მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყებისა და ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შესახებ. საქმეები შეეხებოდა ისეთ დისციპლინურ გადაცდომებს, როგორიცაა საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურება (6 შემთხვევა), მოსამართლის მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება (2 შემთხვევა) და სამოსამართლო ეთიკის წესების დარღვევა (2 შემთხვევა). 6 ამასთან, ერთ შემთხვევაში დამოუკიდებელმა ინსპექტორმა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართა დასკვნით დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ. აღნიშნული დასკვნა შეეხებოდა მოსამართლის მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების ფაქტს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ დაეთანხმა დამოუკიდებელი ინსპექტორის დასკვნას და მიიღო გადაწყვეტილება მოსამართლისათვის ახნა-განმარტების ჩამორთმევის შესახებ. მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური დევნის დაწყებისა და ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შესახებ დამოუკიდებელი ინსპექტორის დასკვნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გაიზიარა 6 შემთხვევაში, ხოლო 4 შემთხვევაში არ გაიზიარა და მოსამართლის მიმართ შეწყვიტა დისციპლინური სამართალწარმოება.