ხშირად დასმული კითხვები

.
ვის აქვს დამოუკიდებელი ინსპექტორისათვის საჩივრით მიმართვის უფლება?

მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, ნებისმიერ პირს აქვს უფლება საჩივრით მიმართოს დამოუკიდებელ ინსპექტორს.

როგორ მივმართო დამოუკიდებელ ინსპექტორს?

იმისათვის, რომ მოსამართლის მიმართ დაიწყოს დისციპლინური სამართალწარმოება თქვენი საჩივარი უნდა პასუხობდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს და შედგენილი უნდა იყოს, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით. ანონიმური საჩივრის ან განცხადების საფუძველზე დისციპლინური სამართალწარმოება არ დაიწყება.

შეიძლება თუ არა დამოუკიდებელი ინსპექტორის გარდა სხვა პირმა დაიწყოს მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება?

დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების უფლებამოსილება აქვს მხოლოდ დამოუკიდებელ ინსპექტორს. დამოუკიდებელი ინსპექტორის აცილების შემთხვევაში დისციპლინური საქმის გამოკვლევას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

სად წარვადგინო დისციპლინური საჩივარი?

დისციპლინური საჩივარი შეგიძლიათ შემოიტანოთ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის კანცელარიაში ან გამოაგზავნოთ ფოსტით მისამართზე ქ. თბილისი, 0144, ბოჭორმის ქ. №12. საჩივარი ასევე შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მისამართზე: disciplinary@court.geinspector@hcoj.gov.ge.  

დადგენილია თუ არა რაიმე გადასახადი საჩივრის წარდგენისათვის?

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურში საჩივრის წარდგენისათვის გადასახადი არ არის დადგენილი.

რა შემთხვევაში დადგინდება საჩივარზე ხარვეზი?

დამოუკიდებელი ინსპექტორი საჩივრის ავტორს დაუდგენს ხარვეზს და მის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს არაუმეტეს 10-დღიან ვადას თუ საჩივარში მითითებული არ არის:

  • მოსამართლის ვინაობა
  • საქმე
  • დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ჩადენის ფაქტი.

ხარვეზის ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში საჩივარი არ განიხილება.

რა შემთხვევაში არ დაიწყება დისციპლინური სამართალწარმოება?

დისციპლინური სამართალწარმოება არ დაიწყება ან მოსამართლის მიმართ დაწყებული დისციპლინური სამართალწარმოება შეწყდება თუ:

  • მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის (დისციპლინური სახდელის) დაკისრების ვადა ამოიწურა:
    • დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან ამ გადაცდომაზე დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებამდე გასულია 3 წელი;
    • დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან გასულია 1 წელი.
  • არსებობს დისციპლინური სამართალწარმოების განმახორციელებელი ორგანოს მიერ იმავე მოსამართლის მიმართ, იმავე  ქმედების გამო გამოტანილი გადაწყვეტილება;
  • მოსამართლეს შეუწყდა სამოსამართლო უფლებამოსილება;
  • საჩივარი ეხება მოსამართლის მიერ გამოტანილი აქტის კანონიერებას.
რა ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება დაიწყოს მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება?

დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საფუძველია:

  • ნებისმიერი პირის საჩივარი, გარდა ანონიმური საჩივრისა ან განცხადებისა;
  • სხვა მოსამართლის, სასამართლოს ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ან აპარატის მოხელის მოხსენებითი ბარათი მოსამართლის მიერ  დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ;
  • გამოძიების ორგანოს შეტყობინება;
  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, აგრეთვე საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში ან/და წინადადებაში მოცემული ინფორმაცია მოსამართლის მიერ ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს.
რა ვადაში განიხილავს დამოუკიდებელი ინსპექტორი საჩივარს?

დისციპლინური საქმის გამოკვლევის ვადა ორი თვეა. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 კვირით.

რა არის დისციპლინური გადაცდომა?

დისციპლინური გადაცდომა არის მხოლოდ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული, მოსამართლის მიერ ჩადენილი განზრახი ან გაუფრთხილებლობითი ქმედება.დისციპლინური გადაცდომა არ არის დანაშაული. მოსამართლის მიერ დანაშაულის ჩადენა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ხოლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში მოსამართლეს შეიძლება დაეკისროს მხოლოდ დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი.

რა სანქციები არსებობს მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში?

დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამართლეს ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი, კერძოდ:

  • შენიშვნა
  • საყვედური
  • მკაცრი საყვედური
  • ხელფასის 5%-დან 20%-მდე დაქვითვა არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში
  • სასამართლოს თავმჯდომარის, სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება
  • მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება.

დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებაა – მოსამართლისადმი კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვა.

ხელმისაწვდომია თუ არა კონკრეტული მოსამართლის მიმართ წარმოებული დისციპლინური სამართალწარმოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია?

დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი კონფიდენციალურია. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირები და საჯარო მოსამსახურეები ვალდებული არიან, დაიცვან ყველა იმ ინფორმაციის საიდუმლოება, რომელიც მათთვის დისციპლინური სამართალწარმოების დროს გახდა ცნობილი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

შეუძლია თუ არა მოსამართლეს გაასაჯაროოს დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურები?

იმ მოსამართლეს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს დისციპლინური სამართალწარმოება, უფლება აქვს, მოითხოვოს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომების, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად გამართული სხდომის გასაჯაროება. გადაწყვეტილების მისაღებად გამართული თათბირი და გადაწყვეტილების მიღების პროცედურების გასაჯაროება დაუშვებელია.

შემიძლია თუ არა გავეცნო დამოუკიდებელი ინსპექტორისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებს?

მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ დამოუკიდებელი ინსპექტორის გადაწყვეტილება ქვეყნდება დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდზე ამ მოსამართლისა და დისციპლინურ საქმეში მონაწილე სხვა პირების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ამ მოსამართლისა და დისციპლინურ საქმეში მონაწილე სხვა პირების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე. თუ მოსამართლემ დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის გასაჯაროება მოითხოვა, მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება ამ მოსამართლის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით ქვეყნდება.

კანონის არასწორი განმარტება არის თუ არა დისციპლინური გადაცდომა და შეცვლის თუ არა საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ მიღებულ აქტს?

მოსამართლის მიერ კანონის არასწორი განმარტება ან/და გამოყენება, რასაც საფუძვლად უდევს მისი შინაგანი რწმენა, არ არის დისციპლინური გადაცდომა და აღნიშნული ქმედებისათვის მოსამართლეს არ ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა. 

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად,  მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით. არავის აქვს უფლება მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე. ბათილია ყველა აქტი, რომელიც ზღუდავს მოსამართლის დამოუკიდებლობას. დისციპლინური სამართალწარმოება არ გულისხმობს სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების დასაბუთების ან შინაარსობრივი მხარის შემოწმებას.

დამოუკიდებელი ინსპექტორი არ არის მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანო, არ არის უფლებამოსილი დააჩქაროს საქმის განხილვა. დამოუკიდებელ ინსპექტორს უფლება არ აქვს მოახდინოს ზედამხედველობა სასამართლოს მიერ გამოტანილ აქტზე.

დისციპლინური სამართალწარმოების მიზანი არ არის მოსამართლის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებათა გაუქმება ან შეცვლა. შესაბამისად, მოსამართლის მიმართ დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების ან სახდელის გამოყენება გავლენას ვერ იქონიებს მის მიერ გამოტანილ რომელიმე გადაწყვეტილებაზე.