2022 წლის 23 და 24 ნოემბერს, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა პორტუგალიის სასამართლოს უმაღლეს საბჭოში. ვიზიტის მიზანს პორტუგალიის სასამართლოს უმაღლეს საბჭოსა და სასამართლოს ინსპექტორის ფუნქციების გაცნობა, ასევე, დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით მოსაზრებების გაცვლა წარმოადგენდა.
დელეგაცია სასამართლოს უმაღლეს საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა მიიღო, რა დროსაც ვიზიტის პირველი დღეს განიხილეს პორტუგალიის სასამართლოს უმაღლეს საბჭოს ფუნქციები, კომპეტენციები და სტრუქტურა, სასამართლოებისა და მოსამართლეების საქმიანობის მონიტორინგი და შეფასება. ასევე, სასამართლოს უმაღლეს საბჭოს ინსპექტორის სამსახურებისა და მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები. შეხვედრის პირველი დღე კითხვებისა და გამოცდილების გაზიარებით დასრულდა.
ვიზიტის მეორე დღე დაეთმო დისციპლინური პროცედურის ყველა ეტაპს. შეხვედრა დასრულდა კითხვებით, რომლებიც შეეხებოდა, როგორც მოსამართლეთა უფლებებს დისციპლინურ სამართალწარმოებაში, ისე დისციპლინური სამართალწარმოების პრაქტიკულ ასპექტებს.
სასწავლო ვიზიტი ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მიერ და მას პორტუგალიის სასამართლოს უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები და საბჭოს ინსპექტორ-კოორდინატორი უძღვებოდნენ.