დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური საერთაშორისო ექსპერტ ალეშ ზალარს შეხვდა

2018 წლის 20 ნოემბერს, დამოუკიდებელი ინსპექტორი ქეთევან ცინცაძე და აპარატის თანამშრომლები ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), პროექტის კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში  (PROLOG) ექსპერტ ალეშ ზალარს შეხვდნენ. 
შეხვედრის მონაწილეებმა დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურებზე, საკანონმდებლო ხარვეზებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. დამოუკიდებელმა ინსპექტორმა ქეთევან ცინცაძემ ექსპერტს მოსაზრებები გააცნო იმ პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც არ არის ან/და არასრულადაა რეგლამენტირებული ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონსა თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში.
დავების გადაწყვეტის ევროპული ცენტრის პრეზიდენტი, სლოვენიის იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ყოფილი მოსამართლე და საერთაშორისო ექსპერტი ალეშ ზალარი საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფება. ექსპერტმა მადლობა გადაუხადა დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურს შეხვედრისა და მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებისათვის. ვიზიტის დასასრულს ალეშ ზალარი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს რეკომენდაციებს გადაწყვეტილებათა მიღების, საქმიანობის წესისა და მენეჯმენტის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin