დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის

.

საქმიანობა

2017 წლის 8 თებერვალს „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების შედეგად, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში შემოვიდა დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი, რომელსაც მიენიჭა საქართველოს იუსტიციის საბჭოსგან დამოუკიდებლად, მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებისა და დისციპლინური საქმის წინასწარ შემოწმება/გამოკვლევის უფლებამოსილება.

2018 წლის 20  აპრილს განხორციელებული ცვლილებების შედეგად ძალადაკარგულად გამოცხადდა „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს დაემატა XIIIთავი, რომელიც არეგულირებს დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებს.

დამოუკიდებელი ინსპექტორი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური, რომელსაც ხელმძღვანელობას უწევს დამოუკიდებელი ინსპექტორი.

დისციპლინური საქმის გამოკვლევის მიზნით დამოუკიდებელი ინსპექტორი გამოითხოვს, სწავლობს და აფასებს ყველა საჭირო ინფორმაციას, დოკუმენტსა და მასალას. დამოუკიდებელი ინსპექტორი უფლებამოსილია დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით მოიწვიოს ნებისმიერი პირი და მოისმინოს მისი ინფორმაცია.

2020 წლის 1 იანვრიდან, დამოუკიდებელ ინსპექტორს უფლება აქვს გამოიყენოს სამოქალაქო რეესტრის, საჯარო რეესტრის, ნოტარიუსთა პალატის, აღსრულების ეროვნული ბიუროს და შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონული ბაზები. ასევე,  უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში დასაბუთებული წერილით მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ.

საქმის გარემოებების მოკვლევის დროს დამოუკიდებელი ინსპექტორი შეისწავლის მოსამართლის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელ, ისე დამამძიმებელ გარემოებებს. გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით.

დამოუკიდებელი ინსპექტორი არ არის შეზღუდული საჩივარში მითითებული გარემოებებით. მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემას შეიძლება საფუძვლად დაედოს ის გარემოებები, რომლებიც მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივარში, განცხადებაში ან სხვა ინფორმაციაში მითითებული არ ყოფილა და რომლებიც წინასწარი შემოწმების დროს დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ გამოვლინდა.

მოსამართლის მიმართ განხორციელებული წინასწარი შემოწმებისა და მოკვლევის შედეგებს დამოუკიდებელი ინსპექტორი დასკვნისა და მოსაზრებების სახით წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის 2/3-ით იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის ან მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ.

დისციპლინური დევნის დაწყების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განიხილავს მოსამართლის  მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის ან მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემისა და საქმის სადისციპლინო კოლეგიაში გადაგზავნის საკითხს.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები იხილეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე hcoj.gov.ge. სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილებები იხილეთ ვებგვერდზე dcj.court.ge.