2020 წლის მეორე კვარტლის საქმიანობის სტატისტიკური ანგარიში

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის მიერ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნის შესაბამისად, მომზადდა კვარტალური ანგარიში, რომელიც მოიცავს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას 2020 წლის 01 აპრილიდან 31 ივნისის ჩათვლით.

დოკუმენტში სტატისტიკური ინფორმაცია დამუშავებულია საქმეთა კატეგორიების, სასამართლო ინსტანციების, დისციპლინური გადაცდომებისა და მომზადებული დასკვნების შესაბამისად. ამასთან, გაანალიზებულია საჩივრის ავტორთა შესახებ ინფორმაცია და მოსამართლეთა შესახებ მონაცემები.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში შემცირდა დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურში მომართვიანობა მსოფლიოში გავრცელებული კოვიდ ინფექციიდან გამომდინარე. ამასთან, მიუხედავად საჩივრების სიმცირისა, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური დისტანციურად აგრძელებდა მუშაობას და ზრუნავდა როგორც შემოსული საჩივრების შესწავლაზე, ასევე გუნდის პროფესიულ განვითარებაზე. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განსახილველად გამოაქვეყნა მოსამართლის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე საჩივრის ფორმა, რომელიც დამტკიცდა 2020 წლის 17 ივლისის სხდომაზე.

საჩივრის ავტორთა შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება მოხდა სასამართლოში მიმდინარე საქმეში მათი სტატუსის შესაბამისად. 1 საჩივრის ავტორთა შესახებ სტატისტიკური მონაცემები პირველ კვარტალთან შედარებით შეიცვალა: 12%-ით შემცირდა წარმომადგენელთა მიერ შემოტანილი საჩივრების რაოდენობა და მან 52%-ი შეადგინა, ხოლო სასამართლოში მიმდინარე დავის მხარეთა მიერ წარმოდგენილი საჩივრების რაოდენობა გაიზარდა 12%-ით და 48%-ს მიაღწია. საანგარიშო პერიოდში დისციპლინური სამართალწარმოება არ დაწყებულა დაინტერესებული პირების საჩივრების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის, სახალხო დამცველის წინადადებისა თუ მოხსენებითი ბარათების საფუძველზე.

2020 წლის მეორე კვარტალში შემოსული საჩივრების მაჩვენებელი საქმეთა რაოდენობრივი გადანაწილების მიხედვით პირველი კვარტლის მონაცემების იდენტურია. ისევე როგორც პირველ კვარტალში, მეორე კვარტალშიც შემოსული საჩივრების უმრავლესობა სამოქალაქო საქმეთა კატეგორიისაა. მეორე კვარტალში თითქმის იდენტურია შემოსული სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა რაოდენობა. ამასთან, სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით მომართვიანობის მაჩვენებელი კვლავ ყველაზე დაბალია.

საჩივრების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2020 წლის მეორე კვარტალში საჩივრების 56% პირველი ინსტანციის მოსამართლეების მიმართ არის წარმოდგენილი, რაც 12%-ით ნაკლებია წინა კვარტლის მონაცემებთან შედარებით. მეორე კვარტალში სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა მიმართ წარმოდგენილი იყო საჩივრების 20%, რაც 12%-ით ნაკლებია პირველი კვარტლის მონაცემებთან შედარებით. თუ 2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიმართ არ იყო წარმოდგენილი საჩივრები, მეორე კვარტალში საკასაციო ინსტანციის მოსამართლეთა მიმართ წარმოდგენილი საჩივრების რაოდენობამ 24%-ს მიაღწია.

საანგარიშო პერიოდში წინასწარი მოკვლევისათვის წარმოებაში არსებული 21 საჩივარი შეეხებოდა 25 მოსამართლეს. მოსამართლეთა მიმართ წარმოდგენილი საჩივრების რაოდენობა სასამართლო ინსტანციებისა და საქმეთა კატეგორიების შესაბამისად შემდეგნაირად ნაწილდება:

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin