დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის საიტის პრეზენტაცია

2018 წლის 20 ივნისს, თბილისი რუმსში, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის ვებ-გვერდისა (www.independent-inspector.ge) და საქმიანობის ექვსთვიანი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ვებ-გვერდი IT კომპანია „ICELIT“-მა შექმნა, ევროპის საბჭოს პროექტის – „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ – ფინანსური მხარდაჭერით.

აღსანიშნავია, რომ ვებ-გვერდი შეიცავს მთელ რიგ ისეთ ინოვაციურ მახასიათებელს, როგორიცაა შშმ პირებზე ადაპტირება, დისციპლინური საჩივრის ელექტრონულად გაგზავნის შესაძლებლობა, ელექტრონული ხელმოწერა და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურს სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებას კანონი არ ავალდებულებს, ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომი იქნება დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ სტატისტიკური მონაცემები, რომელიც განახლდება პერიოდულად ინსპექტორის სამსახურის მიერ.

ვებ-გვერდის პრეზენტაციასთან ერთად დამოუკიდებელმა ინსპექტორმა ქეთევან ცინცაძემ საზოგადოებას პირველად წარუდგინა ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის 6 თვიანი ანგარიში. გააცნო არსებული სტატისტიკური ინფორმაცია, საჩივართა განზოგადების შედეგები და ისაუბრა სამომავლო გეგმებზე.

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის ვებ-გვერდისა და საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, საერთო სასამართლოების თავმჯდომარეები და მოსამართლეები, საელჩოების, უმაღლესი სასწავლებლების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin