ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის პირველი წლიური ანგარიში, რომლის ფართო საზოგადოების წინაშე პრეზენტაცია 2019 წლის 14 მარტს გაიმართა. საქმიანობის წლიური ანგარიში დამოუკიდებელმა ინსპექტორმა ქეთევან ცინცაძემ ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენციას 2018 წლის 09 დეკემბერს საქართველოს მოსამართლეთა მე-14 რიგგარეშე კონფერენციაზე წარუდგინა.
ანგარიშში ასახულია, როგორც საკანონმდებლო ცვლილებები, ისე დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია, დისციპლინურ საქმეებზე არსებული პრაქტიკის განზოგადება, განხორციელებული ღონისძიებები და სამომავლო გეგმები. ანგარიშში მოცემულია დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის წინადადებები და რეკომენდაციები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი მოსამართლე რენატე ვინტერი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი – მზია თოდუა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი – გიორგი მიქაუტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, საერთო სასამართლოების მოსამართლეები, ადვოკატთა ეთიკის კომისიის თავმჯდომარე, სახალხო დამცველის პირველი მოადგილე, აკადემიური წრეების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.